სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ დაგეგმილ კამპანიაზე ისაუბრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ანგარიშები მოისმინეს. მინისტრებმა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და მიმდინარე საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ2016 წლის მოკლე ანგარიში წარადგინეს.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ დაგეგმილ კამპანიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობას. ვიქტორ დოლიძემ დეპუტატებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. „ჩვენ გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოსთან დაკავშირებული სერიოზული გეგმები. მათ შორის არის ნატო-საქართველოს კომისია ბრიუსელში, რომელზეც ვაპირებ ჩასვლას 17 იანვარს, სადაც 28+1 ფარგლებში შედგება საქართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარდგენა, სხვადასხვა თემებზე საუბარი, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე. იცით, რომ იგეგმება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, ასევე, ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი და ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეა და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, რაღაც ერთგვარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება მომავალი წლის ნოემბერში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ ორმხრივი ვიზიტები ქვეყნის გარეთ, ასევე, ვიცით ზუსტად, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მობილიზაცია და კონსოლიდაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ სამიტზე.“ -აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას.

Visited 85 times, 1 visit(s) today