სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

14/07/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა- რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
სერგი კაპანაძე, დღეს, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, მიხაელ ზიბერტს და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე ფაიჩის შეხვდა.
შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ესწრებოდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეების და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან უნდა გადაიდგას. საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.
სერგი კაპანაძე: „ვისაუბრეთ რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე, ოკუპაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მოსკოვი დგამს ოკუპირებულ ტერიტორიებში. გვქონდა ჩვენი მოსაზრებებო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის გერმანელი პარტნიორების მხრიდან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0