სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმები, ასევე 2017 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. ამას მოწმობს საბჭოს ფარგლებში ინიცირებული რეფორმები, რომლებიც უკვე განხორციელდა, ზოგი კი ამჟამადაც მიმდინარეობს. მაგალითად, შემუშავდა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები და ქვეყანაში ძალიან მალე იქნება ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი − სახელმწიფო ინსპექტორი; სასამართლოში დაინერგა საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა; საფუძველი ჩაეყარა არასაპატიმრო სასჯელის ახალ სახეს − შინაპატიმრობას; შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცვლილებები, რითაც ხდება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრა და სხვა.
შესაბამისმა უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა 1 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში და რა იგეგმება სამომავლოდ.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომა რიგით 29-ე იყო.