სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნა

11/05/2016

სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნა. ახალი ოფისი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე – იურიდიული დახმარების საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებითა და იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფს.
ახალი ბიუროს ამოქმედებით, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დაიქირავონ ადვოკატი, უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად აღარ მოუწევთ თელავში ჩასვლა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებს და დროს დაუზოგავს.
დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს. გადახდისუუნარო მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეებზე, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე – სოციალური დაცვის საკითხებზე. უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო დევნილებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.
ბიურო განთავსებულია შემდეგ მისამართზე: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ.№7 (ადგილობრივი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0