სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

14/06/2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან- ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონაა.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნება საორგანიზაციო შტაბი, რომელიც გურჯაანში განთავსდება. შტაბს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონთან კოორდინაციის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0