სოფელ ვაჩნაძიანში აფხაზეთის ომის გმირის – მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს

27/09/2018

აფხაზეთის ომის დასრულების 25 წლისთავთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში აფხაზეთის ომის გმირის – მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მემორიალის გახსნას მიხეილ მარჩილაშვილის ოჯახის წევრები ესრწებოდნენ.
მიხეილ მარჩილაშვილი 1972 წელს დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. 21 წლის ასაკში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნისას მოუწია აფხაზეთის ომში მონაწილეობა. მიხეილ მარჩილაშვილი ცნობილი სნაიპერი იყო, რის გამოც რუსეთს მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. 1993 წელს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაჭრილი ჩავიდა მშობლიურ სახლში, საიდანაც მალევე უკან, ომში დაბრუნდა. 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის მისადგომებთან მოკლა დესანტმა. მიხეილ მარჩილაშვილი გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
„დღეს, გაიხსნა ჩვენი თანამემამულის, გმირის – მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალური დაფა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათანადო პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ შთამომავლობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო იბრძოდა თავისი თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, ჩვენი გმირების ბრძოლა არის მაგალითი იმისა, რომ არასოდეს აღარ უნდა გამეორდეს სისხლისღვრა, დაპირისპირება, ერებს შორის შუღლი პროვოცირებული მესამე ძალის მიერ. სწორედ ამიტომ ეს მემორიალური დაფა არის გზავნილი, რომ უკვე დაღვრილი სისხლი არის საკმარისი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთშეთანხმების, თანამშრომლობის , ისტორიული ერთობის საფუძველზე გავაგრძელოთ ურთიერთობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, აღვადგინოთ ჩვენი ერთობა, ჩვენი სულიერი ისტორიული მემკვიდრეობა და მომავალის განვითარება დავუკავშიროთ ერთმანეთს“ აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0