დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება. გახსნის ღონისძიებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერმა თამარ ქარდავამ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ მიიღეს მონაწილეობა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც გულისხმობს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზის, სპორტული მოედნის და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, მოეწყო გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყო.