სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იწყება

08/05/2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატროი – ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი სოფელ უდაბნოში იმყოფებოდნენ და ის ადგილი მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება. სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან. პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მომსახურების სტანდარტი და მაღალი ხარისხი აქ ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია. ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად. უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებთ პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ ესაზღვრება სამონასტრო კომპლექს – დავითგარეჯს. საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0