სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

09/11/2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიით, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აქვს სპეციალური ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები. სკოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ჭანიეთის სკოლის ძველი შენობა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ. რთულ პირობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობამ სკოლიდან მოსწავლეთა მასიური გადინება გამოიწვია, მაგრამ ახალი, თანამედროვე ტიპის სკოლის მშენებლობამ სოფლიდან ქალაქში გადაყვანილი მოსწავლეების უკან დაბრუნებას შეუწყო ხელი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0