სოფელ ჯაპანაში ბუნებრი აირი პირველად ჩაირთო

15/11/2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში, კახა დოლიძის ოჯახში, ბუნებრივი აირი დღეს პირველად ჩაირთო. დოლიძეების ოჯახს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. ასევე შეხვდნენ სოფელ ჭინათის მოსახლეობასაც. როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა იმ სოფლებში, სადაც წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვა ვერ მოხდება, პროცესი 2019 წელს გაგრძელდება და მომავალი წლის ბოლოს მთლიანად დასრულდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით 2013 წლიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ დაიწყო გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებში დღემდე 288 დასახლებულ პუნქტში 100 000-ზე მეტ აბონენტს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
ამჟამად, ქვეყნის მოსახლეობის 86% გაზიფიცირებულია. გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი 14%, რომელთა გაზიფიცირებისათვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ჩოლობარგსა და ნიგოითში გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში აიგო 59,905 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 1145 აბონენტს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში. ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ზემო და ქვემო ჩიბათში, ლესასა და აკეთში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1287 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 83,667 გრძივი მეტრი გაზსადენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0