სოფო კილაძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნაძალადევის რაიონში სოციალური სამკერვალო საწარმო საზეიმოდ გახსნეს

16/10/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, რომელიც ამავდროულად ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად სოციალური სამკერვალო საწარმო ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – სოფიო ჯაფარიძე, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ააიპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სამკერვალო საწარმო ორიენტირებულია ნაძალადევში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ ქალთა დასაქმებაზე.
მისი თქმით, პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია ქალთა სოციალური გაძლიერების, კვალიფიკაციის ამაღლების და თვითრეალიზების ხელშეწყობა. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 10 ქალბატონი. პროდუქციის ზრდასთან ერთად იგეგმება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდაც.
„ჩემთვის, როგორც გენდერული საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნულ პროექტში მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დევნილთა დასაქმების საკითხი. დევნილებს სჭირდებათ ხელშეწყობა, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო ადგილები იმ უამრავი უბედურების შემდეგ, რაც გამოიარეს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია მწვანე ეკონომიკის თემა. ეს არის საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე იმუშავებს. ჩანთები, რომელიც ამ საწარმოში იკერება, პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას“, – განაცხადა სოფო კილაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0