სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენ დროს არჩევნები არ ყალბდებოდა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არჩევნები არ ყალბდებოდა და ამის შესახებ ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ ყვიროდა, რომ მარცხის მიზეზის თავის თავში ძებნა არ უნდოდა.

ამის შესახებ მაჭავარიანმა prof-news-თან საუბრისას განაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით გეუბნებით, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს არჩევნები არ ყალბდებოდა.
ოპოზიცია კი იმიტომ ყვიროდა, რომ არ უნდოდა, მარცხის მიზეზები საკუთარ თავში ეძებნა. ასეთ დროს გაცილებით მარტივია სხვისკენ ხელის გაშვერა. გახსოვთ, 2012 წელს რა ხმაური იყო ბიომეტრიულ სიებზე? ქოცები ამტკიცებდნენ, ამის გაკეთებას 6 თვე უნდაო. მეოთხე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და აბა ერთი მაჩვენონ, სად არის ბიომეტრიული სიები.

მაჟორიტარული სისტემა რომ არ გააუქმეს, ეს ჩვენი ბრალია. გაიხსენეთ, რას ამბობდნენ, როგორც კი მოვალთ, მაშინვე გავაუქმებთო. მოვიდნენ, დასხდნენ და ნახეს, რომ არ აქვთ რეიტინგი. შეიცხადეს, ვაიმეო და მაჟორიტარებს ტოვებენ. იმედი აქვთ, რომ მაჟორიტარებში გაძვრებიან“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

Visited 208 times, 1 visit(s) today