უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსაცდელი ვადის გავლის და საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან

28/12/2016

უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსაცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გაიზიარა, რაც ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა.

”გასაზიარებელია არგუმენტი იმის შესახებ, რომ რაკი მოქმედი კანონით, დანიშვნებისას, გარკვეული მოვალეობის დაკისრებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები შეზღუდვებისგან გათავისუფლებული არიან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, ლოგიკური და სამართლიანია, ამ თანამდებობის პირსაც ჰქონდეს ანალოგიური გარანტია და სტატუსი მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ შეხედულებას დავეთანხმეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვაზე დააბრუნა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
დღესვე საკანონმდებლო პაკეტი მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, რის შემდეგაც მსჯელობა სესიაზე გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0