უკანონო ტყვეობაში მყოფ დათვებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

11/11/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უკანონო ტყვეობაში მყოფ დათვებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს, არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის წარმომადგენლებმა, საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი დათვების უკანონოდ დატყვევების ფაქტების თაობაზე ინფორმაცია გააცნეს. დისკუსიისას განიხილეს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები: ტყვე დათვების ჩამორთმევისა და შემდგომში მათი თავშესაფარში განთავსების, ამ თავშესაფრის არ არსეობის, ამ კუთხით სამართლებრივი ბაზის მოწესრიგების და სხვა განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ქმედებების აუცილებლობა, დათვების უკანონოდ დატყვევების აკრძალვის საკანონმდებლო მოთხოვნებსა და შესაბამის სანქციებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა მოსახლეობის ინფორმირების საჭიროება, მიტოვებული დათვის ბელების საბინადრო გარემოდან წამოყვანის დაუშვებლობის თაობაზეც, ვინაიდან აღნიშნული ქმედება, ისევე როგორც ზრდასრული დათვის ტყვეობაში ყოლა, აკრძალულია კანონით და შესაბამისად დასჯადია. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, დათვის ბელი ექცევა უკანონო ტყვეობაში, სადაც მისი შენახვისა და მოვლის პირობები არასათანადო და ხშირ შემთხვევაში სავალალოა, რის გამოც მაღალია მათი სიკვდილიანობა. ამავდროულად მარტო მყოფი ბელი შესაძლოა დედა დათვს იყოს ჩამორჩენილი და არა უპატრონოდ მიტოვებული. ასეც რომ არ იყოს, მისი ბუნებრივ გარემოში დარჩენა ნაკლებ საფრთხის შემცველია, როგორც ცხოველისთვის, ასევე შემდგომში – მოსახლეობისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ინფორმაცია თბილისის ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე დათვების ვოლიერის მშენებლობის, მისი პარამეტრებისა და დათვების განთავსების შესაძლებლობების თაობაზე. შეხვედრას სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0