უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედრო ძალები ექვემდებარება

01/05/2017

უმაღლესი მთავარსარდალი იმას არ ნიშნავს, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კომისიაში განისაზღვრება სამი ძირითადი ჩანაწერით: სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში და სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც.

„მთავარია, ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონქარს და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად ქვეყნის მმართველი, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მმართველი, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსადალს. არის მხოლოდ 2 ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მორაქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. იგივე ვითარება გვაქვს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებში. არ არსებობს კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენებული როგორც წარმომადგენელი ან თუნდაც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების კუთხით კონსტიტუციის შეთავაზებულ რედაქციაში გარკვეული დაზუსტებები არის შეტანილი, თუმცა არსებითი ცვლილება მხოლოდ ორ ნაწილში ხდება.

„ხშირად აქაც არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ის კომპეტენციებიც ქრება კონსტიტუციაში, რომელიც მანამდე ჰქონდა მიკუთვნებული პრეზიდენტს. რეალურად, არსებითი ცვლილება ჩვენ გვაქვს მარტო ორ ნაწილში: ერთი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და ჩანაცვლება თავდაცვის საბჭოთი და მეორე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. არც ერთ სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის კომპეტენციები არ გადაისინჯება“, – განაცადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ორივე ამ ცვლილებასთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაცია.

„სხვა კომპეტენციები რჩება პრაქტიკულად უცვლელი სახით. მეტსაც გეტყვით, როგორც არ უნდა გადასინჯო კონსტიტუცია, შეუძლებელია პრეზიდენტის კომპეტენციების არსებითად ან გაზრდა ან შემცირება, იმიტომ რომ პრინციპული ცვლილება ამ კუთხით კონსტიტუციაში შევიდა 2010 წელს, როდესაც განისაზღვრა, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეს არის საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება დაახლოებით, 0,3%-მდე სწორედ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს დავიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0