ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

10/03/2017

საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების უკვე მეორე მასშტაბური პროექტი ხორციელდება, ხოლო ქალაქში გზის საფარის დაგების სამუშაოები ერთდროულად 20-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს. „დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყეთ. ზამთრის შემდეგ გზა ძლიერ იყო დაზიანებული და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. ამ ეტაპზე გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გზის საფარი დაიგება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მოხდება ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორ ფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 30 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0