ფერმერებს ჩაის კულტურების მოვლა-მოყვანაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

19/05/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩინეთის ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფთან ურთერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებასა და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებაზე საერთო ძალებით მუშაობას, ამ მიმართულებით ფერმერების გადამზადებას, მექანიზირებული წარმოების ტექნოლოგიებისა და ტექნიკის გაუმჯობესებაზე მუშაობას, მეცნიერული ცოდნის გაცვლას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, წალენჯიხაში ფერმერების 3 დღიანი ტრენინგი დაიწყო, რომელიც საპარტნიორი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივ ფერმერებს ჩაის კრეფის სტანდარტებს და ჩაის პლანტაციების მართვას; შავი და მწვანე ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიას; ჩაის გადამამუშავებელი დანადგარების მახასიათებლებს გააცნობენ. ფერმერები ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს კი ქართული ჩაის ქარხანაში „ლაზი“ გაივლიან. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე წელია იყიდება, რომლის ფასიც 1 კილოგრამზე 300 დოლარია. ჩაის კომპანიაში „ლაზი“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0