ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა

16/06/2023

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა. პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ, – ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ტაბიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0