ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა

20/02/2018

საქართველოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, პრობლემების გადაჭრის გზებს, მიწის კანონის და შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების განხილვას დაეთმო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის და ფრაქციის წევრების შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან. დახურული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდა.

„სახელმწიფო რწმუნებულებმა ფრაქციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრზე მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს რეგიონების ხედვა გავაცანით. ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, მშენებლობის რეგულაციები და ახალი სანქციები. აღინიშნა, რომ კანონპროექტების განხილვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება, რადგან მათ მოუწევთ კანონის ნორმების აღსრულება. შეხვედრაზე მიწის ახალ კოდექსსაც შევეხეთ და მის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც აქტუალურია როგორც კახეთისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. შეხვედრაზე რეგიონული მმართველობის თემასთან დაკავშირებითაც გამოითქვა მოსაზრებები და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებებზეც ვიმსჯელეთ“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონების გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის საკანონმდებლო ხედვაზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოების საკითხებს და იმ ახალ მიდგომას, რაც დაანონსდა დღეს თბილისის შემთხვევაში. სახელმწიფო რწმუნებულების მოსაზრებით, გასათვალისწინებელია რეგიონის სპეციფიკა და იმ სამშენებლო კომპანიების ფინანსური შესაძლებლობები, რომლებიც სამშენებლო პროცესებს აწარმოებენ რეგიონებში. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს ბალანსი შრომის უსაფრთხოებასა და ბიზნესის განვითარებას შორის. აღნიშნული მოსაზრება ფრაქციის წევრების მხრიდანაც გაზიარებულ იქნა. მსჯელობა იყო მიწის და სოფლის სტატუსის საკითხებზე და ჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0