ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

05/09/2017

ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს სხვა ოფიციალურ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – პაატა გიორგობიანი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – ზურაბ სვიმონიშვილი ესწრებოდნენ. პაატა გიორგობიანის თქმით, ფშაველში საბავშვო ბაღს საკუთარი შენობა 20 წელზე მეტია აღარ ჰქონდა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ფშავლის მოსახლეობა დღეიდან თანამედროვედ აღჭურვილი ახალი ბაგა-ბაღით ისარგებლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღში ბიომასისა და მზის ენერგიის გამოყენების ენერგო-სისტემა დამონტაჟდა, რაც ბაღს გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფს. ზურაბ სვიმონიშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ბაღებში ინოვაციური ტექნოლოგიების და ალტერნატიული ენერგო-სისტემების დანერგვით, თელავის მუნიციპალიტეტი მოწინავე გახდა. ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა თვითმმართველ თემში შემავალი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა უმაღლესი ხარისხის იყოს. საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision საქართველოს” “კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის” ხელმძღვანელის, ნანა ათუაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა პროექტში. ფშავლის ბაგა-ბაღის შენობისთვის 105 ათასი ლარი გამოიყო, რომლის დიდი ნაწილი, როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ასევე ინვენტარსა და ბაღის აღჭურვაში დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ ფშავლის ბაგა-ბაღის ახალი შენობისთვის სულ 400 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0