ქართველების და ოსების შერიგებას ხელს ოკუპანტის გავლებული მავთულხლართები უშლის

08/08/2017

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ახლადგახსნილ “2008 წლის აგვისტოს მუზეუმს” დაეხმარება, რომელიც სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან მდებარე უახლოესი სახლის მარანში დღეს გაიხსნა.
გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველი დაესწრნენ.
ექსპოზიციის მოწყობის იდეა თავად სახლის მეპატრონეს ლია ჩლაჩიძეს, ომის დროს კასეტური ჭურვით სახლის განადგურების შემდეგ გაუჩნდა. სახლის აღდგენის შემდეგ კი, მარანში ყველა ის ნივთი გამოფინა, რომელიც ომს გადაურჩა.
გიორგი აბაშიშვილმა ომის მუზეუმის შექმნის ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ომის მუზეუმი, ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს აჩვენებს, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია საკუთარ თავზე.
“დღეს 8 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ არსად იმხელა რესურსი ორი დაპირისპირებული მხარის – ქართველების და ოსების შერიგების არ არსებობს, როგორც ამ ორ, მონათესავე ხალხს შორისაა, ვინაიდან ასე იყო წლების განმავლობაში, ასე გრძელდება დღეს და ასე იქნება მომავალშიც.
ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ქართველების და ოსების შერიგებას უშლის ხელს, ეს ოკუპანტი ძალა და ოკუპანტის მიერ გავლებული მავთულხლართებია.
დღეს გავლებული მავთულხლართები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტს ეშინია ადამიანებს შორის ურთიერთობა, ოკუპანტს ეშინია ქართველებს და ოსებს შორის იმ ურთიერთობის, რომელიც მუდმივად არსებობდა ვიდრე თავად ოკუპანტი ჩაერეოდა ამ ურთიერთობებში და სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოკუპაცია დროებითია და ქართველები და ოსები ყოველთვის შეძლებენ ისეთი ტიპის თანაცხოვრებას, რომელსაც მუდმივად ახერხებდნენ წლების განმავლობაში”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის განცხადებით, ომის მუზეუმს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ყველა იმ საჭიროებით დაეხმარება, რასაც გადაწყვეტს მუზეუმი.
“მნიშვნელოვანია, რომ ამ მუზეუმის მაგალითზე მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს ყველა რაიონში, არსებობდეს სწორედ ოკუპაციის მუზეუმები, ვინაიდან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს სტუმრებს ყოველთვის ახსოვდეთ, თუ რას, როგორ მოქმედებს და როგორ მოქმედებდა ამ ქვეყანაში ოკუპანტი წლების განმავლობაში” , – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
გამოფენის გახსნას დღეს კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებში მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0