„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინეს

10/04/2019

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა დღეს შუალედურ არჩევნებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინეს.

„მიხარია , რომ დღეს, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად აქ ვიმყოფები და წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს. ზემო აჭარა, ეს არის ჩვენი სიამაყე, თქვენ ხართ გმირი ხალხი. სხვა არაფერია თუ არა გმირობა, რომ აქ, ზემო აჭარაში ხართ ასე ძლიერად და ინარჩუნებთ ამ ულამაზეს მხარეს. მხარეს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით და რაც მთავარია თავისი განსაკუთრებული ხალხით “ განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხულოს ჰყავს ღირსეული დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რეგიონის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და ეყოლება ღირსეული მერი ვახტანგ ბერიძე

„ჩვენ ერთად გპირდებით, ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადავჭრით და ვიქნებით თქვენს სამსახურში”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ვახტანგ ბერიძემ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემები აქვს და რა სჭირდება ხულოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა ყველაზე კარგად, სიღრმისეულად იცოდეს მისი რაიონის პრობლემები, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დაგვეხმაროს ჩვენც იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი, თქვენი საჭიროებები უკეთესად დავინახოთ, უკეთესად შევძლოთ ამ საჭიროებებზე პასუხი “ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

“გპირდებით, თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში. თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა – იქნება ჩემი საკუთარი პრობლემა” – განაცხადა ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0