ქვემო ალვანში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

08/08/2017

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომდგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ომში დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ისაუბრეს მათი შვილების მიერ გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობაზე მომავალი თაობების წინაშე.
„ამ ომმა ძალიან მძიმე სტატისტიკა დაგვიტოვა, 2 232 დაღუპული, 30 000-მდე დევნილი და უცხო ქვეყნის ჯარისკაცები ჩვენს ტერიტორიებზე, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 9 წელი გავიდა, ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანად და მიავაღწიოთ იმას, რისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გასწირეს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს. იგი ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. გიორგი ანწუხელიძესთან ერთად, 2008 აგვისტოს ომში, 213 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0