ქვეყანაში ძალიან აქტიური ღონისძიებები ხორციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ. მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით

მიმდინარე კვირაში, 4 მარტს, 14 საათზე საქართველოს პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ანგარიშის მოსმენა და განხილვა. ჩვენ ვემზადებით ანგარიშისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პარლამენტში გაიმართება, ასევე, მინისტრის საათი. დეპუტატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარემ სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის განხილვამდე, კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქვეყანაში ძალიან აქტიური ღონისძიებები ხორციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ. მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები, რათა მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება. დარწმუნებული ვარ, როცა საბოლოო ჯამში ინფექციის გავრცელების ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ, თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, ექთნებს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, საჯარო მოხელეებს, რომელებიც საზღვრებზე მუშაობენ და ჩართულნი არიან ეპიდემიური კონტროლის ღონისძიებაში, ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მომატებულ მომართვიანობას ეფექტურად პასუხობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ღონისძიებებში. საქართველოს პარლამენტსაც უკვე შესასვლელებში და შეკრების ადგილებში დამონტაჟებული აქვს სპეციალური დისპენსერები, სადეზინფექციო საშუალებები, რომლითაც შეიძლება მოქალაქეებმა ისარგებლონ. ასევე პერიოდულად მიმდინარეობს იმ ზედაპირების დამუშავება სპეციალური ხსნარებით, რომელთანაც გვაქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი. ეს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას, სამსახურებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებაც , რომ მათაც ხელი შეუწყონ მაქსიმალურად იმ ღონისძიებებს, რომელიც პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საკითხი დასვა მორატორიუმის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე. მისი თქმით, წინა თვე მოიცვა გამოსახლებების ტალღამ. მისივე ინფორამაციით, 4 მარტს არის დაგეგმილი მორიგი გამოსახლება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ჰუმანური აქტები, იქნება ეს ამნისტია, თუ მორატორიუმი ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის არ არის უცხო.

„ჩვენ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილებები, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება მომზადება. ამასთანავე, ეს საკითხი უკავშირდება იუსტიციის სამინისტროს – გამოსახლების პოლიტიკაზე აღსრულების ნაწილში პასუხისმგებელ ინსტიტუციას. საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტი ახორციელებს დიდ და მნიშვნელოვან სამუშაოს უსახლკარო პირთა და მოქალაქეთა სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტის ჩამოყალიბებისთვის და ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამას“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, მკვეთრად შეიზღუდა უკანასკნელი საცხოვრებლით სესხის აღება.

„ეს მნიშვნელოვანია ჭარბვალიანობის კონტექსტში. აქ არის მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ფიზიკური პირისთვის სესხის აღებას. აუცილებელია მათი გადახდისუნარიანობის დადასტურება. ასევე თუ საცხოვრებელი უკანასკნელია, აკრძალულია, ეს საცხოვრებელი გირაოდ ჩაუდონ მესამე პირს. ეს კანონმდებლობა ჩვენ მიერაა მიღებული და ასევე საქართველოს ცენტრალური ბანკის მიერ არის შემოღებული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მორატორიუმის საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში და თუნდაც მიმდინარე წელს ხელისუფლება ჯამურად ხარჯავს 100 მლნ ლარზე მეტს საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის.

„ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან და ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა. ასევე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი იხარჯება ჯანდაცვაში და 7 მლნ-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა არის ამ მომენტისთვის დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვიდან. ჩვენ ერთმანეთისთვის იმის მტკიცება არ გვჭირდება, ვის უფრო გული შესტკივა ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება საცხოვრისის გარეშე დარჩნენ. ჩვენ მივიღეთ საბანკო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანს აქვს 1 საცხოვრისი დარჩენილი, მისი ჩადება უზრუნველყოფისთვის იკრძალება. დეტალურად გავერკვიოთ, ამას ფიზიკური პირი ან კერძო გამსესხებლები თუ კვლავ ახერხებენ, რა არის იქ პრობლემა და რისი დარეგულირება შეიძლება. თუმცა დღეს ბიუროს ფორმატში მორატორიუმს ვერ გამოვაცხადებთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როდის და რა ფორმატში ეს განხილვა მოვაწყოთ და ამ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი ფორმატი უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი მოსაზრებით, მორატორიუმი 1 თვით ან 2 თვით არის პრობლემის მხოლოდ გადავადება. „თუ კონკრეტულად არ გვეცოდინება ამ 1-2 თვეში რა ინსტრუმენტებს ვუჭერთ მხარს და რა ცვლილებები შემოგვაქვს იმისათვის, რომ ეს პრობლემა შევამციროთ, მაშინ თავისთავად, მორატორიუმი იქნება პოპულისტური სვლა და ეს მხოლოდ გადაჭარბებულ მოლოდინებს შექმნის და დააზიანებს არაერთ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ვინაიდან ბატონი ზაზა გაბუნია და მისი კომიტეტი მუშაობს ამ მიმართულებით, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა და კონსულტაციები დავიწყოთ უახლოეს დღეებში,თუ როდის შეიძლება სამუშაო შეხვედრა მოეწყოს, მორატორიუმის საკითხიც მომზადდეს და შეჯერებული ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გამოსახლების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შესაბამისად, როდესაც სასმართლო იღებს გადაწყვეტილებას, შემთხვევები მაქსიმალურად ინდივიდუალურად განიხილება. მისივე განცხადებით, ქმედითი ნაბიჯები არის განსახილველი, ისე, რომ სამართლიანად იყოს ინტერესები ორივე მხარეს გათვალისწინებული. „ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი. გთხოვთ, კოორდინაცია გააკეთოთ, ვისაც ინტერესი და გამოცდილება გაქვთ. ერთ სამუშაო შეხვედრას მეც ვუმასპინძლებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფრაქცია გამოდის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის ინიციატვით. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას, პრაქტიკულად საპარლამენტო ფორმატში არ არსებობს მუდმივმოქმედი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობას. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ის ბოლო შემოთავაზება, რომ 40%-ზე მეტს ვერ აიღებს, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, იდეალური თუ არა, არის იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული. თუ ამას ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ მყოფი პარტიები არ დაეთანხმებიან, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი იქნება ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ მათ არავითარი იმედი არჩევნების არ აქვთ და როცა წააგებენ, თქვა, რომ მოიგეს“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული შემოთავაზება არის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული.

„5%-იანი ბარიერის შემთხვევაში რა შედეგიც დადგებოდა, ამ ფორმულის მიხედვით, იგივე შედეგამდე მივდივართ. ეს უფრო რისკიანი მოდელია გამარჯვებული გუნდისათვის, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში რომ წააგოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები არც ამას დაეთანხმებიან, მაშინ დარჩება ერთადერთი ლოგიკა და არგუმენტი, რომ ისინი არცერთ შემთხვევაში არ ელოდებიან წარმატებას და „მათთვის გამოსავალი იყო ავღანური მოდელით გაჯერებული ე.წ. გერმანული მოდელი“.

Visited 28 times, 1 visit(s) today