ყვარელში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

17/06/2016

ყვარელში, ე.წ. „ბოგირის“ ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მაია სამიტაშვილმა განუცხადა, ახალ ბაღში იმ აღსაზრდელებს გადაიყვანენ, რომლებიც ახლა ავარიულ შენობაში სწავლობენ.

„მშენებარე საბავშვო ბაღის გვერდით არის ბაღი „გვირილა“, რომელიც კერძო პირისაა. ფაქტობრივად ერთ ოთახში გვყავს ბავშვები, შენობაც ავარიულია და თან ძალიან ცუდი პირობებია. სახელმწიფოსაც არ ეკუთვნის შენობა, რომ გაგვეკეთებინა, ამიტომ დადგა საჭიროება, ახალი ბაღი აშენებულიყო. მოსახლეობა საკმაოდ ბევრია და მათი მოთხოვნაც იყო, რომ ბავშვებს ნორმალური ბაღი ჰქონოდათ“, – აღნიშნა მაია სამიტაშვილმა.

მისივე თქმით, ბაღის მშენებლობა დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ყვარელმშენი -52“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 364 715 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ქალაქ ყვარელში ამ დროისთვის სულ ოთხი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0