ყველამ ვიცით, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან

12/07/2019

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრებმა გიორგი ლომიამ და ადა მარშანიამ ბრიფინგი გამართეს.

„ყველამ ვიცით, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან. შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, შეწყდა პირდაპირი ფრენა, ასევე აღარ გავა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ ბრიფინგზე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 15 ივლისს მოსკოვში ჩავლენ, სადაც რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდებიან და საქართველოს მიმართ სანქციების შერბილების შესახებ ისაუბრებენ.

„რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს აამოქმედოს სანქციები. მაგრამ მიუხედავად ამისა დუმამ მაინც გადაუგზავნა მთავრობას სასანქციო პაკეტი. აქედან გამომდინარე ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ პრევენციულად გავესაუბროთ ჩვენს რუს კოლეგებს და ვთხოვოთ გამოიწვიონ ეს პაკეტი, რომ არ ამოქმედდეს სანქციები“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ის „საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გენოციდზე“ საუბრობდა. ადა მარშანიას განაცხადებით ეს ქართული საზოგადოებისთვის რთული მოსასმენი იყო, თუმცა მისი თქმით,- „პუტინის ამ განცხადებამ გამოგვაფხიზლა და უნდა გავიაზროთ რა უმძიმეს მდგომარეობაშია საკითხი ქვეყნის გამთლიანებისა და საერთოდ პროცესები რეგიონში. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე აქვს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა“.
ბრიფინგზე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში მათი ვიზიტი არ არის პარლამენტის მიერ ორგანიზებული მივლინება და ისინი მოსკოვში საკუთარი ხარჯით მიემგზავრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0