ყველამ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ინტერესს

10/11/2017

„მე ვისურვებდი, რომ ყველამ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, რომელიც არჩევნების მშვიდობიან პირობებში, თანასწორ პირობებში ჩატარებას გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანდიდატებმა უნდა უზრუნველყონ, რომელი პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს“, − ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს.
კომენტარი იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ, რაც იმით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო ამ საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან, მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებიც გააცნო.
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0