შალვა კერესელიძე მცხეთაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

10/12/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა. მოინახულეს განახლებული კულტურის სახლი სოფელ ნატახტარში. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ნატახტარის კულტურის ცენტრში ასევე განთავსდა ბიბლიოთეკა. დაგეგმილია მუსიკალური სკოლის გახსნა. რამდენიმე კვირის წინ ახალრეაბილიტირებული კულტურის სახლი სოფელ მუხრანშიც გაიხსნა. ცენტრებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს. მუხრანისა და ნატახტარის კულტურის სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს სოფელ საგურამოს დევნილთა დასახლებაში. დაათვალიერეს კეთილმოწყობილი პარკი სოფელ გალავანში და რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ქალაქ მცხეთაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0