შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

11/09/2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების რაციონალიზაციის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული, ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების – „საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწისთვის“ – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი შესაძლებლობაა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკა აღნიშნული მექანიზმის რაციონალური ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს.

„სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების და გამოცდილების შესწავლამ დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყნაში არსებული სისტემა ყველანაირად უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე, პარლამენტში შემოსული 367 საკანონმდებლო წინადადებიდან მხოლოდ 5-6 იქცა კანონად. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კრიტიკულადაც და ღიადაც იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პარლამენტს ჰქონდეს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ყველა თანამედროვე შესაძლებლობა და რამე არ დავკარგოთ და ამავე დროს, იყოს რაციონალური ინსტრუმენტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხდომაზე შემოთავაზებული იქნა საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე მოდელი და გაიმართა დისკუსია. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გააგრძელებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე მუშაობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0