შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო

12/12/2023

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. საპარლამენტო დელეგაცია ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენმა დელეგაციამ პატივი მიაგო ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან დღეს 20 წელი გავიდა. ჰეიდარ ალიევი მართლაც ისტორიული პიროვნება იყო თანამედროვე, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში. მან შექმნა ხასიათი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და საფუძველი ჩაუყარა იმ წარმატებას, რომელსაც აზერბაიჯანმა მიაღწია მისი როლის გაძლიერებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ასევე პატივი მივაგეთ 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული აზერბაიჯანელების ხსოვნას. მაშინ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 147 აზერბაიჯანელი შეიწირა საბჭოთა არმიამ, როდესაც „კომენდანტის საათი“ გამოაცხადეს და სურდათ, დამოუკიდებლობისკენ მიმართული ბრძოლა ჩაეხშოთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოუკიდებელ და ამაყ სულს აზერბაიჯანელი ერისა, რომელმაც ჩვენთან, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და დამოუკიდებელ, ძლიერ სახელმწიფოს აშენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

​საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0