შპს „Natura Tea Company“-ის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ დახლებზე გამოჩნდება

24/03/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიის შპს „ნატურა თი კომპანი“ პროდუქცია ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გაიყიდება. აღნიშნული კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა.
ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. სწორედ ამიტომ, შპს „Natura Tea Company“ ხუთი სახეობის ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს, კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს.
ვინაიდან კომპანიის მიერ დამზადებულ ჩაის სწორედ ტექნოლოგია გამოარჩევს და პროდუქტის სხვადასხვა შეფერილობა მინარევების დამატებით არაა მიღებული, უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის თითოეული ხაზი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და მისი ორგანული თვისებებით ემთხვევა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ნატურალური, ახალი და ჯანსაღი პროდუქციით მარაგდება.
აღსანიშნავია, რომ შპს „Natura Tea Company“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა, რომელსაც ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0