შსს-მ უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში იმიტირებული ქალაქი მოაწყო

12/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე მოედანზე მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში – „ეს ჩემი ქალაქია“ უმასპინძლა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. იმიტირებულ ქალაქში შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იქნა წარმოდგენილი. შსს-ს აკადემიამ ღონისძიებაზე ანიმაციურ გმირი „პოლი“ წარმოადგინა, რომელმაც უსაფრთხო ქალაქის სტუმრებს მეგზურობა გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება მიეცათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოირგოთ. შსს-ს მომსახურების სააგენტომ პატარებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში პატარებს საშუალება მიეცათ, სახანძრო ავტომანქანა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ. შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა წარმოადგინა ინოვაციური საბავშვო პროექტი – „112-ის კოსმოსური ხომალდი“, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. საპატრულო პოლიციამ საგამოფენო სივრცეში პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა და საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“ განათავსა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაათვალიერებინათ საზღვრის დაცვის კვადროციკლები, სანაპირო დაცვის მყვინთავის აღჭურვილობა, სააბორდაჟო აღჭურვილობა, ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების დეტექტორები, ინდივიდუალური ფანარი, რადიაციის იდენტიფიკატორი, ღამის ხედვის ხელსაწყო, ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემა, ფოტოხაფანგი და ასტრონომიული ბინოკლი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“. იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0