შსს-ს მაშველებმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

11/11/2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში, კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში – CRNA GORA-2016 მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. პრაქტიკულ ვარჯიშში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად. სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება. სწავლებაში 30-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები. კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0