ჩვენთვის მთავარია შედეგის დადება, რისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენთვის მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა და შედეგის დადება; შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კი, ბევრ სხვა წინაპირობასთან ერთად, არის სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ეკონომიკური გუნდის ახალი მინისტრების გიორგი ქობულიას და ივანე მაჭავარიანის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

“გოგა ქობულიას წამყვან მსოფლიო კორპორაციაში, რომელიც ჩართულია გლობალური ეკონომიკის ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში, ვინაიდან თანამშრომლობს ყველა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფოსთან, უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული იმ სტრატეგიების შექმნაში, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს, ასევე მსხვილ კომპანიებს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. კიდევ ბევრი სხვა წინაპირობა გვაქვს საგადასახადო სტიმულირების თვალსაზრისით და ა.შ. მაგრამ აუცილებელია, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ეფექტურად. ჩვენი ბაზარი არის ძალიან მცირე და საჭიროა, მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებში ვიყოთ ინტეგრირებული. გიორგი ქობულიას აქვს ამის ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, მთავრობა და სახელმწიფო 21-ე საუკუნეში ვერ იქნება წარმატებული, თუ არ მოხდება მისი ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია.

“21-ე საუკუნეში მმართველობითი სტრუქტურები, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები ვერ იქნება ეფექტური, თუ არ დაინერგება შესაბამისი ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების დანერგვამ რა შედეგი მოუტანა მცირე ზომის ქვეყნებს, ესტონეთია ძალიან კარგი მაგალითი. ვერანაირ ეკონომიკურ გარღვევაზე და სიღარიბის დამარცხებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ვერ განვახორციელებთ იმ რეჟიმში, როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. ვანო მაჭავარიანი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და ამავე დროს აქვს ხედვა მაკროეკონომიკაზე და ფინანსებზე, თუ როგორ მოვახდინოთ იმ რეფორმების დანერგვა, მათ შორის ციფრულ რეჟიმში, რომელიც არის ჩემს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში. ჩვენთვის მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა და შედეგის დადება. შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბევრ სხვა წინაპირობასთან ერთად, არის სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების კითხვებს ასევე უპასუხეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

Visited 140 times, 1 visit(s) today