ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი ხეობის გამოცოცხლება და სოფლებში მოსახლეობის დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნაა

06/05/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სოფლების – ახალციხის, კენჭაკლდის, ხეობის, წითელი კლდის, მიგრიაულების, საცხავატლოს, ვარცლასა და დოლოშას მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო. ადგილობრივების ძირითად პრიორიტეტს გზების მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით სოფლებში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუბრიანთკარი-ახალციხე-კენჭაკლდე-ხეობის გზის 15 კმ-იან მონაკვეთს. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა ხეობაში, დოლოშაში, მიგრიაულებში და წითელ კლდეში. ასევე, იგეგმება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია სოფლებში – ახალციხე, ვარცლა, კენჭაკლდე და საცხავატლო. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა სხვა აქტუალური საკითხებიც მოისმინა და მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

„ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებს გავეცანი და ერთობლივად ვიმსჯელეთ არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზე. ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი ამ ეტაპზე ხეობის ადმინისტრაციული ერთეულის გამოცოცხლება და სოფლებში მოსახლეობის დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნაა“ – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სოფლებს რეგულარულად სტუმრობს და ადგილზე არსებულ მდგომარეობას პირადად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0