ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, ”ქართული ოცნებისთვის” ეს არის დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებების მისაღებად.
”ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას. ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამავე დროს ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ამას სრულად ვაცნობიერებთ. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს არ არის ხელისუფლების შიში ხალხში, საზოგადოება გაზრდილია, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად წინ წასულია და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ აბსოლუტურად სხვა რიგისაა, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითავისოს.
”ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთიანი ძალებით თავდადებით ვიშრომებთ და გავამართლებთ ამ ძალიან დიდ ნდობას”, – განაცხდა კვირიკაშვილმა.