ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი

19/01/2017

თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ”გაზპრომთან” გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შეფასებისას განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველომ ამ კონტრაქტით მიიღო ის, რომ ”გაზპრომთან” ბუნებრივი აირის შესყიდვის ვალდებულება აღარ აქვს.

”ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი, დღეის მდგომარეობით, ვალდებულების გარეშე ან ვიყიდით თუ არა საერთოდ ამ გაზს. პოლიტიკურ ჭრილში ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა ალბათ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული”, – განაცხადა გახარიამ.

რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე “გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0