ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ხალხის სამსახურშია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო იმსახურებს, იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში, ხოლო იმერეთი ისტორიულად იმსახურებს, იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა. მან განვლილი ოთხი წელი შეაფასა.

”თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც “ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი, უარი თქვა სიცრუეზე, დააფასა ადამიანი და მისი ღირსება! კარგად ვიცი იმერეთის, ჩემი საყვარელი კუთხის ავ-კარგი, პრობლემები და ოცნებები! ჩვენი აქ მოსვლით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელმაც 2012 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეცვლა მოახერხა. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ წესრიგი, მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ბევრი საქმე წამოვიწყეთ, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყვანა და შედეგის მიღება! ჩვენ თქვენთან ერთად, ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ! საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოვაჩინეთ! ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი! შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა! პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი! დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება! გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე! ვამარცხებთ 21-ე საუკუნის ჭირად წოდებულ C-ჰეპატიტს! ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით! გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება! ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით! ჩვენი ქვეყანა – საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში. ხოლო ჩვენი იმერეთი ისტორიულად იმსახურებს, რომ იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში! ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს”, – განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებსა თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა.

”ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ჰქონდა. ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს – ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას! ჩვენი, ბევრ უბედურებას გამოვლილი მოქალაქეები იმსახურებენ ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები. თქვენ თქვენი ხელით უნდა შექმნათ თქვენი აწმყო და მომავალი, ჩვენ კი ამაში დაგეხმარებით. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ხალხის სამსახურშია და მეამაყება, რომ არასდროს საქართველოში არ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ძმა ძმას ტყვიას ესვრის, მეზობელი მეზობელს ძარცვავს და ხელისუფალი მოქალაქეს ატერორებს. ჩვენ ეს გამოვიარეთ, ჩვენ ეს ყველაფერი მწარე მოგონებებში და წარსულში დავტოვეთ! ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და ერთად შევქმნით ისეთ საქართველოს, როგორსაც ვიმსახურებთ! როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ! რა არის ”ქართული ოცნება”? – ის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა მიიღოს სტაბილური სახელმწიფო, სამუშაო, დასვენება, ჯანდაცვა და განათლება. იყოს დაცული, იყოს თავისუფალი! ჩვენ შექმნილი გვაქვს ამ ოცნების ასრულების ყველა პირობა ! ერთად ვიმუშაოთ ! ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი! ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა- ჩვენი საერთო სახლი! სწრაფი განვითარება, ესაა ჩვენი მისია! თითოეული ადამიანის კეთილდღეობა – არის ჩვენი მიზანი! თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა! – ეს ჩვენი გზაა და ამ გზას ჩვენ თქვენთან ერთად გავივლით! ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ”ქართული ოცნება“ მტკიცე პოლიტიკური გუნდია, მკაფიო მიზნებით, სწორი სტრატეგიითა და ძლიერი ლიდერით”, – განაცხადა კალაძემ.

Visited 132 times, 1 visit(s) today