ჩვენ ყველა წესი, მათ შორის, პროცედურული და შიდა გუნდური, დავიცავით

05/12/2019

ბიურომ კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, დაჩი ბერაიას მიერ წარმოდგენილი განცხადება განიხილა. განცხადება განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, რომელიც ბიუროს მიერ დარეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო ბლანკებს გადასცემს.
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით, უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

„ვიდრე ამ საკითხს ფორმალური თვალსაზრისით ექნება განვითარება, მანამდე ჩვენ უმრავლესობის სხდომაზე ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, უმრავლესობის ფორმატში სასაუბროდ საინიციატივო ჯგუფი მზად არის.

„ვფიქრობ, ჩვენ ყველა წესი, მათ შორის, პროცედურული და შიდა გუნდური, დავიცავით. ჩვენ კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით ვთქვით, რომ 2020 წლის არჩევნებს არ ვეხებით, მაგრამ იქვე, უმრავლესობის სხდომაზე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებდით. სწორედ ამ პროცესთან გვაქვს ახლა საქმე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა მიულოცა დეპუტატ ალექსანდრე ქანთარიას. დღესვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მიმართვა განიხილეს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„ბატონ აკაკი ზოიძეს ჰქონდა ამაზე საუბარი უმრავლესობის შიგნით. ჩემთვის სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავა და იგი არაერთი პროექტის ინიციატორი გახლდათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნული საკითხი მომდევნო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა. ბიურომ ცნობად მიიღო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2019 წლის 20 ნოემბრიდან მეშვიდე სამუშაო დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ. ბიურომ ასევე ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა პარლამენტის წევრის პაატა კვიჟინაძის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ. ბიუროს წევრებმა განიხილეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვები კუთვნილი კვოტებით ფრაქციის წევრთა სხვადასხვა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. დღესვე რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0