ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკური პოლიტიკას ატარებს.
„პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას“ – დიმიტრი ქუმსიშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.
„შესაბამისად, ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Visited 135 times, 1 visit(s) today