ცაგერში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

14/09/2018

ქალაქ ცაგერში, „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიამ“ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი რომეო მიქაუტაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მოადგილესთან გიორგი გონაძესთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ეპარქიის სასულიერო პირები, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას“, აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა და მისმა მოადგილემ აზიზ სალტიკმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში, რის შემდეგაც მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა.
მთავარი შეკითხვები გარემოზე, მიკროკლიმატსა და ეკოსისტემაზე ჰესების გავლენას შეეხო. პრეზენტაციის დამსწრე სპეციალისტებმა კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი არგუმენტები შესაძლო საფრთხეების შესახებ და აღნიშნეს, რომ რეგიონის რთული გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, აქტიური სეისმური მოვლენების, მეწყრული და სხვა დამახასიათებელი პროცესების გათვალისწინებით, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების გაცილებით კომპლექსური კვლევა და საფრთხეების მაქსიმალური გამორიცხვა.
დასასრულს აღინიშნა, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით მუშაობა გაგრძელდება. პროცესის გამჭირვალობისა და საზოგადოების სწორად ინფორმირებისათვის, შეხვედრები მსგავს ფორმატში პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე გაიმართება.
2017 წელს საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნამახვანის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ორი ჰესის ტვიშისა და ნამახვანის მშენებლობა. სამუშაოებს ნორვეგიული Clean Energy Group-ი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, თურქულ კომპანია ENKA-სთან ერთად განახორციელებს. ჰესების საერთო დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0