ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

16/06/2017

ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აგრარული დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, 2017 წლიდან საქართველო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე ეტაპობრივად გადავა. მან ხაზი გაუსვა ცხოველთა რეგისტრაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
განახლებული პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერები და ვეტერინარი ექიმები ოპერატიულად მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველის შესახებ. სისტემაში ჩართული ფერმერები სარგებლობენ სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებით. დროულად და ეფექტიანად ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები და მიკვლევადობის უზრუნველყოფა ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება.
„რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა არის მიკვლევადობის გარანტია, კონტროლი ცხოველის გადაადგილებასა და ჯანმრთელობაზე. სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპის დაცვა გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს „ფერმიდან – სუფრამდე“, რაც ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციით არის შესაძლებელი“ – განაცხადა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.
ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია 2,5 მილიონი პირუტყვი. ცხოველთა რეგისტრაცია 2015 წლიდან მიმდინარეობს, ამჟამად ელექტრონულ რეესტრში 1,5 მილიონი პირუტყვია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის შესაბამისი უწყებების ფინანსური მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0