წარმატებულ ქვეყანასთან თანამშრომლობა გრძელდება

06/05/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (იუნისეფს) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმდა შეთანხმების მემორანდუმი სამწლიანი პარტნიორობის შესახებ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით.
ესტონეთის განათლების სამინისტრო და ფონდი „ინოვე“ იუნისეფთან თანამშრომლობით, დაეხმარებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში ამოქმედდეს დამტკიცებული სასწავლო გეგმა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაინერგოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის წარმატებით დასაწყებისათვის. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ექსპერტების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
ესტონეთის განათლების სისტემის, რომელიც სანიმუშოა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, გამოცდილების გამოყენების მიზნით, ფონდი „ინოვე“ ჩამოიყვანს ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტებსა და მეცნიერებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტორსა და სახელმწიფო უნივერსიტეტების დასახმარებლად.
პარტნიორობის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები გაეცნობიან ესტონეთის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თანამშროლობის სხვა ასპექტებია: ა) სოციალური და საგანმანთელებლო პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავება მასწავლებლის პროფესიის შესასწავლად ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვის მიზნით; ბ) ეფექტიანი სწავლების, მათ შორის განმავითარებელი შეფასების, ხელშეწყობის მექანიზმების შექმნა; გ) სწავლებისა და სწავლისათვის წამახალისებელი გარემოს უზრუნველყოფა; და დ) დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების დახმარება.
ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0