ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

26/04/2021

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერით, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ჯამში, 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმთან. მათ, ასევე, ჩაუტარდათ საჭირო კვლევებიც. კონსულტაციების შემდეგ, ბენეფიციარებს გადაეცათ ექიმების მიერ გამოწერილი პირველადი მედიკამენტები. გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. პროექტი, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ქვეშეთი-კობის ახალი გზა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. გარდა ამისა, გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შეიქმნება ახალი ტურისტული მიმართულებები, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისათვის ასევე ინვესტორებისათვის. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყების საშუალებაც გაუჩნდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0