ხარაგაულის გამგებელი ხუნევის მოსახლეობას შეხვდა

19/06/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. გამგებელმა, მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები განიხილა და მათ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
2017 წელს ხარაგაულში 24 კმ-მდე გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი. პროექტების საერთო ღირებულება 3 მილიონნახევარი ლარია. ამასთანავე, დამატებით, 15 სოფლის გზის რეაბილიტაციისთვის მომზადებულია პროექტები (4 მილიონი ლარი) და მიმდინარეობს მოლაპარაკება დაფინანსების მოსაპოვებლად. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
„აღნიშნული პროექტებიდან, წელს, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ვერტყვილაში 1 კილომეტრამდე გზა მობეტონდება. გედსამანიაში გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. წელს ხარაგაულში უპრეცენდენტო რაოდენობის პროექტები განხორციელდება. 78 სოფელია ხარაგაულში და შეუძლებელია ყველგან ერთად გზების მოწესრიგება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება ხარაგაულს აქვს. სამ წელიწადში მუნიციპალიტეტში საგზაო პრობლემები აღარ იქნება”- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ნიკოლოზ თოფურიძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ბევრი ადგილობრივი დასაქმდება.
შეხვედრისას ხუნევის ადმინისტარციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ რიკაძეების უბანში და ბჟინევში გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე გაამხვილა ყურადღება.
როგორც შეხვედრის დროს გამოიკვეთა, მოსახლეობისთვის ხე-ტყის გამოყენების, დასაქმებისა და სოციალური პროებლემები კვლავ აქტუალურია.
მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობას, შესაძლეობლობის ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მათი აქტიურობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს მადლობა გადაუხადა ხალხთან შეხვედრისა და მათი პრობლემებით დაინტერესებისთვის.
ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, მოადგილე თემურ ჩხეიძე, ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი კახა ლომიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0