ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო. არსებული პროექტით 3 000 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.
ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობა სავალალო მდგომარეობაში იყო. წყალი გაუფილტრავად და წყვეტილ რეჟიმში მიეწოდებოდა მოსახლეობას. პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მდინარე ბიჯნისულას ხევში, ჰორიზონტალური სალექარების სახით, ახალი სათავე-ნაგებობა მოეწყობა, აქედან წყალი გადავა ულტრაფილტრაციის კომპლექსის შენობაში და გაივლის საბოლოო გაწმენდის პროცესს. გაფილტრული წყალი, დეზინფექციის შემდეგ, გადაიქაჩება სუფთა წყლის რეზერვუარში და იქიდან მიეწოდება აბონენტებს.
„უკვე ზაფხულიდან, როდესაც სურამში დამსვენებლების პიკია და მოსახლეობას წყალი განსაკუთრებულად ესაჭიროება, თითოეულ ოჯახს წყალმომარაგება 24 საათიანი რეჟიმით ექნება.პროექტი გარდამავალია. საწყის ეტაპზე გაკეთდება სათავე და რეზერვუარი, შემდეგ კი მოხდება ქსელის მოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა სურამში, ჩუმათელეთისა და იტრიის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში, ხარისხიანი წყალმომარაგების მეტად მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. “-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ბიჯნისში წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალის, რეზერვუარისა და დასახლებების ჯგუფური მიწოდების სისტემების მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას.
მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ ჯანაშვილი. პროექტი გარდამავალია, ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, მიმდინარე წელს კი გათვალისწინებულია სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციის დასრულება. პროექტის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.