ხაშურში მე-6 საბავშვო ბაღი გაიხსნა

01/11/2017

დღეს ხაშურში მე-6 საბავშვო ბაღი გაიხსნა. პატარა აღსაზრდელებმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ კახა სამხარაძესთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი გურასპაშვილთან ერთად სრულად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში გახსნის მაუწყებელი სიმბოლური ლენტი საზეიმოდ გაჭრეს.
მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათს აღმზრდელებსა და მშობლებს ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა და სამომავლო თანადგომაც აღუთქვეს.
ხაშურის #6 საბავშვო ბაღი 70–იან წლებში აშენდა, შენობა ავარიული იყო და ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. რეაბილიტაციის შემდგომ ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. გამოიცვალა სველი წერტილები, კარ–ფანჯარა, ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ტექნიკით. სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 180 ბავშვზე. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამაც 759875 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0