შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაციის ანგარიში წარმოადგინეს.
პროექტის დონორია საფრანგეთის განვითარების სააგენტო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქ. ხაშურის ჩამდინარე წყლების მდგომარეობა, რის გამოც თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე ნიადაგის დაბინძურება. გაუმჯობესდება მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობა. პროექტის განხორციელება დადებითად იმოქმედებს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოხდება ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებული პუნქტების სამეურნეო-ფეკალური წყლების ორგანიზებული შეგროვება. გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს საკანალიზაციო წყლების ნორმატიულ დონემდე გაწმენდას, რის შემდეგაც გაწმენდილი ჩამდინარე წყლები ჩაშვებული იქნება ზედაპირული წყლის ობიექტის ერთ წერტილში. ჩამდინარე წყლების გაუმჯობესებული მართვის შედეგად მოხდება მიმდებარე წყალსატევებისა და ნიადაგის, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიოლოგიური გარემოს დაცვის, ასევე დასახლებული პუნქტების შემდგომი სოციალური პირობების განვითარების კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.