ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია

16/10/2018

„ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია და ასე თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას, იმიტომ, რომ სადაც არ არის გადაცდომა, სადაც არ არის კანონის დარღვევა, სადაც არ არის დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერავითარი კომპრომატი ვერ შეიქმნება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც წარსულს ჩაბარდა.

„ბატონმა ვიქტორმა განმარტა, რომ მას სერიოზულად არ აღუქვია ის საუბრები, იმ საუბრების შინაარსი, რომელსაც ის აწარმოებდა ბატონ მირზა სუბელიანთან, შესაბამისად, ჩვენ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ გვქონია. ეს არის მარტივი პასუხი, რომელიც შემიძლია გაგცეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მუქარას, მუქარასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მუქარის არავის არ ეშინია, მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს. ჩვენ მუქარის არ გვეშინია. არაერთხელ ვთქვით, რომ არავის არ ეშინია არცერთი ადამიანის მუქარის, მათ შორის, თუნდაც მირზა სუბელიანის მუქარის. თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე. ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. რატომ ეშინოდა? იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს. საუბარია, მაგალითად, ბიზნესის რეკეტზე, ბიზნესის რეკეტზე მოვიყვანეთ ჩვენ კონკრეტული მონაცემები. ათი ათასმა ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში „აჩუქა“ სახელმწიფოს თავისი ქონება. ასეთი რამ, ბუნებრივია, არ იმალება და როდესაც ასეთი ინფორმაცია საზოგადოებაში ტრიალებს, იქ, ბუნებრივია, შეიძლება ქონდეს ეფექტი მუქარას ხელისუფლების მიმართ. მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი აღკვეთილია საზოგადოებაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია. ეს არის ჩვენი სითამამის მიზეზი და ასე თამამად დავხვდებით ნებისმიერ მუქარას. იმიტომ, რომ სადაც არ არის გადაცდომა, სადაც არ არის კანონის დარღვევა, სადაც არ არის დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერავითარი კომპრომატი ვერ შეიქმნება. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო და ცხადი პასუხი”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0