ხელისუფლების უმოქმედობას ქვეყანა სოციალური აფეთქებისაკენ მიჰყავს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ სულ უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს გაუფასურებულ ლარში იღებს. მისივე თქმით, ამ საკითხების მოუგვარებლობამ და სახელმწიფოში ეფექტური ნორმატიული ბაზის უქონლობამ, კატასტროფის ზღვარზე უკვე მიიყვანა ათეულობით ათასი ოჯახი.
“ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრისა და ვიცე პრემიერის დონეზე, ასევე, აჭარის მთავრობას და თბილისის მერიას სწორედ “ქართუ ჯგუფის” ყოფილი საბანკო მენეჯმენტი წარმოადგენს (კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაბაძე, ლილუაშვილი), პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ფინანსისტები, რომელთა გაცხადებულ პოლიტიკურ მიზნებში, როგორც სჩანს, არ შედის იპოთეკართა პრობლემის მოგვარება, სხვაგვარად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება მდგომარეობა აქამდე მიეყვანათ. მათ შესანიშნავად იციან თუ, როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა ისე, რომ არ დაზიანდეს არც საბანკო სექტორი და თან გაკოტრებასა და უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩეს ათასობით ოჯახი”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 2013 წელს მოუწოდა ხელისუფლებას დროულად დაეწყო ამ პრობლემის მოგვარება, აეღო მაგალითი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაგან, თუმცა, მას დღემდე არ გამოუხატავს პოლიტიკური ნება და როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არც აპირებს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს ზრუნვა საკუთარ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ასიათასობით მოქალაქეზე, უმოქმედობას ქვეყანა გარდაუვალი სოციალური აფეთქებისაკენ მიჰყავს, რაც უმძიმესი შედეგებით შეიძლება დასრულდეს არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისათვის, არამედ საერთოდ ქვეყნისათვის”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.